საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართეს

საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული შეხვედრა ოფიციალური ლანჩის ფორმატში გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზრბაევს საერთაშორისო, სპეციალიზებული გამოფენის “EXPO 2017” წარმატებული გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვან ფორუმში თავადაც მიიღებს მონაწილეობას და მოხარულია, რომ საქართველო მის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული.
გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთი საქართველოს პარტნიორი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა და საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი პერსპექტიული თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიკაციისათვის.
აღინიშნა, რომ საქართველოს და ყაზახეთს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული ამ პოტენციალის ასათვისებლად.
ვაჭრობის სფეროში გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქართველოს ყაზახეთთან სავაჭრო ურთიერთობების გასაფართოებლად ხელსაყრელი პირობები გააჩნია.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლს და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მაღალფუნქციური როლის გასაზრდელად და რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ მიზნით მონაწილეობს საქართველო საერთაშორისო პროექტებში: “ანაკლიის” ახალი ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ისტორიულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს Silk Road -ის პროექტში მრავალი წლის მანძილზე და დღესაც ჩართულია სატრანსპორტო პროექტებში.
საქართველო მიესალმება ყველა ახალ ინიციატივას ამ სფეროებში და მზად არის, პარტნიორებთან მუშაობის პროცესში, განიხილოს საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი წინადადებები.
შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სწრაფად ვითარდება და მისი მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები