„ხალხის პარტიამ“ და „პროგრესულმა დემოკრატებმა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბლოკი შექმნეს

„ხალხის პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – ამის შესახებ “ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. კობაიძის თქმით, პარტია არჩევნებზე ბლოკის სახით წარდგება.
საარჩევნო ბლოკში ჯერჯერობით მხოლოდ 2 პარტია ირიცხება, თუმცა მისი განცხადებით, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც კონსულტაციები გრძელდება და იმედოვნებს, რომ „ხალხის პარტიის“ და „პროგრესული დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკს სხვა პარტიებიც შეუერთდებიან.
„ დღეს ვაპირებთ, რომ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი. ბლოკში გაერთიანდებიან „ხალხის პარტია“ და „პროგრესული დემოკრატები“, თუმცა გრძელდება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და იმედი გვაქვს, ისინიც შემოუერთდებიან ჩვენს ბლოკს. ჩვენი ამ ნაბიჯით, ვუპირისპირდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას,რომელსაც არ სურს, რომ ქვეყანაში საარჩევნო ბლოკები კვლავ შეიქმნას ხოლმე. ყველა პარტიასთან, ვისაც ბლოკში სურს გაერთიანება, ღია კარის პრინციპით, ყველა მათგანთან გავივლით კონსულტაციას და გავერთიანდებით“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ბლოკი მერობის კანდიდატზე ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა. „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებით, მერობის კანდიდატის ვინაობას ახლადშექმნილი ბლოკი უახლოეს ხანებში დაასახელებს.
„დავასახელებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მინიმუმ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენციას გაუწევს, მაქსიმუმ კი შესაძლებელია, გაიმარჯვოს კიდეც. მერის პოსტისთვის ძალიან სერიოზული კანდიდატი გვეყოლება. კახი კალაძე ძლიერი კონკურენტი იქნება, მას დიდი შანსი აქვს, გახდეს თბილისის მერი, თუმცა მას ჩვენ დიდ კონკურენციას გავუწევთ და იმედი გვაქვს, რომ გამარჯვება მოვიპოვებთ“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები