ქარელში დედა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილის მკვლელობა მოხდა.
„კვირას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, დედა-შვილი ორი დღის წინ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
მეზობლებმა გარდაცვლილი დედა-შვილი – 62 წლის მ.ჯ. და 31 წლის მ.ჯ. სახლში დღეს გარდაცვლილი ნახეს.
როგორც „კვირას“ ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ტახტისძირის წარმომადგენელმა, ნოდარ კოპაძემ განუცხადა, მ.ჯ-მ სამი შვილი ობლობაში გაზარდა, მისი მეუღლე 90-იან წლებში საომარი მოქმედების დროს დაიკარგა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მისი თქმით, მკვლელობის დღეს სახლში დედა-შვილი მარტო იყო.
„როგორც მეზობლები ამბობენ, გუშინწინ, საღამოს 10 საათისთვის, სროლის ხმა კი გაიგეს, მაგრამ სასაზღვრო ზოლთან სროლები ხშირად გვესმის და ყურადღება არავინ მიაქცია. დედა-შვილი ორი დღეა სოფელში არავის უნახავს და დღეს მეზობელმა მოიკითხა. სახლში რომ შევიდნენ, ორივე მოკლულები იყვნენ. დედა და შვილი არსად მუშაობდნენ და ფინანსურად უჭირდათ კიდეც. მთელი სოფელი გაოგნებული ვართ, არ ვიცით, ვის შეეძლო ეს საშინელება ჩაედინა“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ნოდარ კოპაძე.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე კომპლექსური ექსპერტიზა მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 109 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები