დიმიტრი ქუმსიშვილი: JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან JICA-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა.
JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან  ურთიერთობის მნიშვნელობას, სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს და სამომავლო ურთიერთობის საკითხებს.
„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომლის მეშვეობითაც იაპონიის მთავრობა  სხვა ქვეყნებს უწევს დახმარებას. სწორედ JICA-ს საშუალებით, ახდენს იაპონიის მთავრობა სასესხო ინსტრუმენტების გამოყენებას. დღეს ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა გვაკავშირებს. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებს. ესაა, დაახლოებით, 200 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. ვსაუბრობთ დამატებით, დაახლოებით, 200 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
“JICA-სთვის კავკასიის რეგიონი ძალიან საინტერესოა. ჩვენ უკვე 25 წელია, რაც საქართველოსთან ვთანამშრომლობთ. საწყის პერიოდში,  გაწეული დახმარების მცირე მასშტაბების მიუხედავად, ის იყო შედეგიანი. წარმატებული საერთაშორისო ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ ინსტიტუციურად მომზადებულ ქვეყნებთან და ამ მხრივ, საქართველო იდეალური ქვეყანაა შემდგომი თანამშრომლობისთვის,” – განაცხადა JICA-ს პრეზიდენტმა, შინიჩი კიტაოკამ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს მიმდინარე წლის მაისში, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. როგორც აღინიშნა, JICA-ს პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, JICA-ს საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი იუკიჰო ეჯირი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, საქართველოს მთავრობის, ასევე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები