საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სასახლეში გაიმართება.
საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვდებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერთან, პარლამენტში სენატისა და მაჟელისის თავმჯდომარეებთან.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ასტანაში, ,,ექსპო-2017”-ის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოსა და ყაზახეთის პავილიონებს დაათვალიერებს და გამოფენის ფარგლებში, ,,საქართველოს ეროვნული დღის” აღნიშვნას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 13 ივნისს დასრულდება.