არჩილ თალაკვაძე: საქართველო-უკრაინის საპარლამენტო ურთიერთობები უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადავა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა კანონმდებლებმა უკრაინელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და ის მიმართულებები განიხილეს, სადაც ორი ქვეყნის საერთო ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები იკვეთება.
„უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარების და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხები განვიხილეთ. საქართველოს პარლამენტს უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში აქტიური წევრები ჰყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი შეხვედრების შედეგად, საქართველო-უკრაინის საპარლამენტო ურთიერთობები ახალ, უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადავა”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრას, პარლამენტის წევრები გიორგი მოსიძე, ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.