სოსო ვახტანგაშვილი: სწორია და ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ სასოფლო სავარგული მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ უნდა გასხვისდეს

„სწორია და ვეთანხმები ხელისუფლებას რომ სასოფლო სავარგული მიწები არ გასხვისდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე“, – ამის შესახებ განცხადება, პარტია „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გორის ყოფილი მაჟორიტარის თქმით, თუნდაც მისი რაიონის მაგალითზე, შეიძლება იმის თქმა, თუ რამდენი პრობლემა წარმოქმნა უცხოელებზე მიწების გასხვისების ფაქტებმა. ვახტანგაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მიწების გასხვისებისას, ადგილობრივ მოსახლეობას არაფერი ჰკითხა, ამის გამო, ხშირად ადგილობრივებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის სხვადასხვა სოფლებში დაძაბული ვითარება იქმნებოდა.
​ვახტანგაშვილმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლება გლეხებსა და ფერმერებს გვერდით დაუდგა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მიწების დამუშავება აქტიურად დაიწყეს.
„ ხელისუფლებამ დეკლარირება მოახდინა იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაიყიდება. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ვაკრიტიკოთ, რასაც ხელისუფლება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, პირადად ჩემი პოზიციაც ამდაგვარი იყო. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, სერიოზული პროგრამები იქნა განხორციელებული სოფლის მეურნეობის სფეროში. მოსახლეობას მივეშველეთ იმით, რომ უფასო ხვნა-თესვის პროგრამა იყო და ამან განაპირობა ის, რომ მიწების დამუშავება დაიწყო. ამ პირობებში, როდესაც ფერმერებმა და გლეხებმა სახელმწიფოს დახმარების შედეგად, ცოტა ამოისუნთქეს, მიწების გასხვისება რომ მომხდარიყო, არასწორი იქნებოდა. სწორია და ამ შემთხვევაში, ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ სასოფლო სავარგული მიწები არ გასხვისდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. მე როდესაც გორის მაჟორიტარი ვიყავი, ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რაც დამხვდა, ეს იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი სავარგულები, რომლებზეც არაფერი ჰკითხეს ადგილობრივ მოსახლეობას. გორის რაიონში ეს ძალიან აქტუალური პრობლემა იყო. იყო უკიდურესად დაძაბული მომენტებიც, მაგალითად პაკისტანის , ინდოეთის, თურქეთის მოქალაქეებს და ადგილობრივებს შორის. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ამ მიწების გასხვისებისას, ადგილობრივებს არაფერი ჰკითხეს. კანონიც ავალდებულებდა მათ, რომ უნდა ეკითხათ ეს მოსახლეობისთვის, მანამ, სანამ გაასხვისებდნენ. თუმცა მთლიანად აკრძალვა ბუნებრივია, ვერ მოხდება და ამას გამონაკლისის სახით, ორგანული კანონი დაარეგულირებს, მაგრამ გამონაკლისი მასობრივი ხასიათის არ უნდა იყოს“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები