„ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას, შესაძლოა, თავისი შეხედულებების შეცვლა მოუწიოს“

“ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით, დასკვნას, ოფიციალურად, უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლის, სოსო ვახტანგაშვილის თქმით, კომისიის რეკომენდაციებს შორის მოხვდა ის საკითხებიც, რაზეც ოპოზიციამ გააგზავნა ინფორმაცია ვენეციის კომისიაში. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ხელისუფლებამ იჩქარა, როდესაც საკონსტიტუციო საკითხის საკომიტეტო დონეზე განხილვები დაიწყო, რადგან მისი თქმით, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას, შესაძლოა, თავისი შეხედულებების შეცვლა მოუწიოს.
„ ამ კვირის ბოლოს, ვენეციის კომისია უკვე საბოლოო დოკუმენტს გაასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გვეცოდინება ის მოსაზრებები და რეკომენდაციები, ოფიციალური ფორმით, რომელსაც ვენეციის კომისია წარმოადგენს. ხელისუფლებას აქვს პირობა დადებული, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას გაითვალისწინებს. ვფიქრობ, რომ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მთელი პოლემიკა დაიწყება. ხელისუფლებამ ნაადრევად დაიწყო საკონსტიტუციო საკითხის საკომიტეტო განხილვები, მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა არც არის ცნობილი. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას, შესაძლოა, მოუწიოს თავისი შეხედულებების შეცვლა, თუკი ის დაიცავს იმ პირობას, რასაც ვენეციის კომისიის შენიშვნების გაზიარება ჰქვია. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შორის მოხვდა ის საკითხები, რაზეც ჩვენ გავაგზავნეთ ინფორმაცია კომისიაში. მათ შორის არის ბონუსად მანდატების წაღება, ბარიერის დაწევა და სხვა. ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული, მაგრამ ხელისუფების მიერ დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ ამის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები