სასამართლო უნარ-ჩვევების თემაზე სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სასამართლო უნარ-ჩვევების თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ორდღიანი სასწავლო პროგრამის მიზანი ახალგაზრდა იურისტებისთვის იმ აუცილებელი თემატიკისა და სპეციფიკის გაცნობა იყო, რომლებსაც მხარეები პროცესის მიმდინარეობისას უნდა აკმაყოფილებდნენ. სწავლება, თეორიულ ნაწილთან ერთად, აქტიურად იყო დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შესავალი და დასკვნითი სიტყვა, ასევე, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. ტრენინგს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი – ნინო აღლემაშვილი და ამავე სამმართველოს უფროსი პროკურორი თორნიკე ნადირაძე უძღვებოდნენ.
სასამართლო უნარ-ჩვევების თემაზე ტრენინგი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მიზნად ისახავდა სისხლის სამართლის მიმართულებით დაგეგმილი იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის კონკურსში მონაწილე სტუდენტების მომზადებას.
საქართველოს პროკურატურა, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინტერესო თემებზე პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები