არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერის მიზნით მოსამართლეებისთვის ორდღიანი შეხვედრა ჩატარდა

არასრულწლოვანთა თემაზე მომუშავე მოსამართლეებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელებასა და კერძოდ, განრიდების საკითხებზე მსჯელობა იყო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში – ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი – რენატე ვინტერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ნინო გვენეტაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი – თათია ხოჭოლავა, სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე – ზაზა გრიგოლია.
შეხვედრა გაიმართა პროექტის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა განრიდების პროგრამების გაძლიერების გზით“, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ და გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერების გზით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შედეგად, მოსამართლეებს საშუალება ეძლევათ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განარიდონ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები.
შეხვედრის ფარგლებში, განრიდების პროგრამაში ჩართული უწყებების წარმომადგენლისგან მოსამართლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია განრიდების პროცესის, პროცედურისა და თავისებურებების, აღდგენითი მართლმსაჯულების ახალი მიდგომების შესახებ, იმსჯელეს არსებულ სირთულეებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 21 წელს მიუღწეველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს კანონდამრღვევისა და დაზარალებულის ინტერესებს, ეხმარება კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდას, გააცნობიეროს საკუთარი ქმედება და თავისი ძალებით გამოასწოროს მიყენებული ზიანი. პროგრამა ხელს უწყობს ქვეყანაში დანაშაულის პრევენციას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, განრიდების მექანიზმშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. პროგრამა დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს, გაიზარდა მედ, მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულთა რაოდენობა. 2016 წელს განრიდებისა და მედიაციის პროგრამით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 21 წელს მიუღწეველი 784 პირი განერიდა. ამათგან, 462 არასრულწლოვანია, ხოლო – 322 სრულწლოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები