სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს

თბილისის რამდენიმე უბანში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარებმა შინაურ ცხოველები ვაკის პარკში, ბუკიას ბაღში, დიღმის პარკში, გლდანის გამგეობისა და ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე აცრეს.
სააგენტოს ვეტერინარების მიერ აიცრა როგორც საკუთრებაში მყოფი, ასევე მიკედლებული (ქუჩის) ცხოველები – ძაღლი და კატა. ცხოველთა მეპატრონეებს დაურიგდათ საინფორმაციო ლიფლეტები ცოფის დაავადების შესახებ.
ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად ატარებს. სააგენტოს მიერ ჩატარებული ცხოველების პრევენციული ვაქცინაციის შედეგად საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ცოფით ადამიანის დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.
“მიმდინარე წელს დაგეგმილია 289 317 სული შინაური ცხოველის ვაქცინაცია. 2017 წლის იანვარ-მაისში ვაქცინირებულია 67 982 სული ცხოველი, მათ შორის, 66 000 სული ძაღლი/კატა და 1982 სული მსხვილფეხა პირუტყვი”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები