საზეიმო მიღებაზე ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2017-ის ფარგლებში, 9-10 ივნისს ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი – 9th International Wine Award 2017- გაიმართა.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სსამინისტროდან აცნობეს, კონკურსზე როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 43 კომპანიის, 164 სხვადასხვა სახის ღვინო იყო წარდგენილი. 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე 6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს და ოქროს (26 მედალი), ვერცხლის (36), ბრინჯაოს (84) მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადასცეს. წლის საუკეთესო ღვინოებად ღვინის კომპანია შუმის ,,საფერავი გეორგიკა 2013“ (წითელი მშრალი) და კომპანია ქვევრის ღვინის მარანის ,,ქვევრის მწვანე 2016“ (ქვევრის თეთრი მშრალი) აღიარეს.
გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასეთი კონკურსები და გამოფენები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
,,ნამდვილად შთამბეჭდავია წლევანდელ კონკურსში მონაწილეთა და გამარჯვებულთა რიცხვი. ეს მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში დარგი სულ უფრო სწრაფად ვითარდება, იქმნება ახალი ღვინის კომპანიები, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიაზციისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები