საქართველოს დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი 10-13 ივნისს, ვიზიტით საქართველოს ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართება საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების თანათავმჯდომარეობით, რის შემდეგაც გაიმართება ხელმოწერის ცერემონია. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიტვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიტვური მხარის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში. კომისიის სხდომის ფარგლებში, განხილულ იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგში არსებული საკითხები და პროგრესი, ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერებს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩას, შამგონის დაზიანებულ ხიდს, ენგურის ხიდს, სოფელ რუხის საავადმყოფოს და ენგურის კაშხალს. ლინას ლინკევიჩუსი გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალსაც შეამკობს გვირგვინით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები