კახა კახიშვილი, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, კახიშვილი შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართავს, სადაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს ვოლშს, საკანონმდებლო საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის თანაშემწეს, რაიან მაკკორმაქს, სენატორ ჯონსონის თანაშემწეს, კეროლ ფოსტერს და პოლიტიკურ საკითხებში მთავარ მრჩეველს, ლიდია უესტლეიქსს, ასევე, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯონ ლითჩერს შეხვდება.
დაგეგმილია დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრის სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებში სტუმრობა. აგრეთვე, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც  დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები