დავით ნარმანიამ 145 წარმატებული მაგისტრანტი დააჯილდოვა

​თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, „წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში, წარჩინებული მაგისტრანტები დააჯილდოვა. სტიპენდია 145 წარმატებულ სტუდენტს გადაეცა. მაგისტრანტებს ჯილდოები გადასცეს ასევე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და საკრებულოს დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა.
​თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და განათლების ხელშეწყობა. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია-ფრიადი).
„დღეს ჩვენ ღირსეული და წარმატებული სტუდენტები დავაჯილდოვეთ, იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია განათლების ხელშეწყობის კუთხით აფინანსებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს წარჩინებული მაგისტრანტების რაოდენობა გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს , რადგან ეს არის ჩვენი სამომავლო სწორი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
​2015-2016 წლებში სტიპენდია მოიპოვა 224-მა წარჩინებულმა მაგისტრანტმა. პროგრამა სემესტრულია და თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები