თამარ ტალიაშვილი: ბიზნესის ნაწილი ქართულად გარე აბრას არ აკეთებს, რადგან აბრაზე წარწერას მიიჩნევს სავაჭრო ნიშნად

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ქართული ენის გარე აბრებზე დაცვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
“დღეს ძალიან გულწრფელი დისკუსია შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. იმაზეც ღიად ისაუბრა საქართველოს ბიზნესასოციაციამ, რომ ბიზნესის ნაწილი ქართულად გარე აბრის გაკეთებას არასათანადოდ თვლის, რადგან იქ სასაქონლო ნიშანს განათავსებს. მნიშვნელოვანია, სამუშაო ჯგუფში ხელისუფლების გვერდით ბიზნესისა და საზოგადოების დგომა, რადგან გამოწვევა მასშტაბურია, კერძო და საზოგადო ინტერესი – დასაბალანსებელი. შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ რეკომენდაციებზე და ქართული ენის გარე აბრებზე დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიას განვახორციელებთ. და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს ორი წლის წინ დაწყებულ წარმატებულ პრაქტიკას გარე აბრების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ძალიან საინტერესო წინადადება ჰქონდათ ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძესა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ზაზა გაბუნიას”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
2015 წელს თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულომ მიიღო განკარგულება, რომელიც ითვალისწინებდა თბილისში გარე აბრებზე, ქართული ენის დაცვის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარებას. ამ ინიციატივის შედეგად, მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების მიერ აქტიური ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ასეულობით ობიექტზე თბილისში გარე აბრაზე ქართულენოვანი წარწერა გაკეთდა, კანონის შესაბამისად.
შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი, რომელმაც დადებითად შეაფასა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების მიერ ორი წლის განმავლობაში ამ კუთხით მიღწეული შედეგები.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები – რიმა ბერაძე, ლევან დარახველიძე, დავით უთმელიძე და სოსო მანჯავიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, თბილისის მერიის იურიდიული და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსები, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე, ჟურნალისტი ოთარ შამათავა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები