რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსან ბავშვებს მადლობის სიგელები გადაეცათ

​თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსანი ბავშვების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრას რიმა ბერაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელ მარიამ ჯაშთან, პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ისკო დასენთან ერთად წარუძღვა.
რიმა ბერაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანი წარჩინებული ახალგაზრდების დაფასება და წახალისებაა.„დღეს ჩვენ თქვენი პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მოსალოცად მოგიწვიეთ. ძალიან გვინდა, რომ თქვენს პატივსაცემად გამართული ღონისძიება გარკვეული სტიმული იყოს თქვენთვის და თქვენ მიერ არჩეულ სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლა ასეთივე შემართებით განაგრძოთ. შრომას მუდამ მოაქვს შედეგი და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთივე წარმატებით ასახელებთ მშობლებს, პედაგოგებს, უბანს და რაც მთავარია, სამშობლოს. მუდამ გქონდეთ რწმენა, რომ ცოდნითა და დაუღალავი შრომით, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ განათლება და ამ მიმართულებით განხორციელებული თუ განსახორციელებელი რეფორმებია. ვფიქრობ, რომ ეკონომიკასთან ერთად, განათლება არის ის ბაზისი, რომელზეც ახალი სახელმწიფო უნდა დავაშენოთ. აი, ისეთი ქვეყანა, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ვოცნებობთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ თავის გამოსვლაში.
​მოწვეულმა სტუმრებმა წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცეს და განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიების დასასრულს, ჩუღურეთის რაიონის სკოლების ოქროს მედალოსან მოსწავლეებს, მათ დირექტორებსა და დამრიგებლებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძისგან მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.​დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებმაც მიიღეს. საკრებულოს ცნობით, წარჩინებული მოსწავლეების პატივსაცემად, საღამოს ჩუღურეთის რაიონის მე-6 სახელოვნებო სკოლის გუნდი (ხელმძღვანელი ქ-ნი ლიკა ჩხეიძე) და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე არსებული მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“ (ხელმძღვანელი ქ-ნი ლენა ცარციძე) მუსიკალურად აფორმებდნენ.
ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. 2016/2017 სასწავლო წელს ჩუღურეთის რაიონის 6 სკოლიდან ოქროსა და ვერცხლის მედალი 27-მა მოსწავლემ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები