ირაკლი კობახიძე: გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას, რომელიც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში აისახება

„ჩვენ გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას, რომელიც საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა და განმარტა, რომ წინასწარი დასკვნა კომენტარებით ვენეციის კომისიას ეგზავნება. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის კომენტარების საფუძველზე, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.
„რატომ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დასკვნა არის წინასწარი? – იმიტომ, რომ წინასწარი დასკვნა იგზავნება კომენტარებისთვის. ჩვენი კომენტარების საფუძველზე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს; გარდა ამისა, იქ გარკვეული ტექნიკური ხარვეზებიც კი არის გაპარული, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს, მაგალითად, თარგმანის პრობლემასთან. საბოლოო დოკუმენტი მხოლოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდება, როდესაც გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში ასახული ყველა რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის მხრიდან იქნება გაზიარებული”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებასთან დაკავშირებით ამბიციური განაცხადი პოზიტიური პოლიტიკური ნების გამო გაკეთდა.
„იმიტომ გავაკეთეთ ამბიციური განცხადება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური მიზანი გვქონდა. ეს იყო ჩვენი პოზიტიური პოლიტიკური ნება. ნება მდგომარეობდა იმაში, რომ გვინდოდა ჩამოგვეყალიბებინა აბსოლუტურად გამართული და დახვეწილი კონსტიტუცია, მმართველობის სისტემა. სწორედ ამან მოგცა იმის თქმის საშუალება, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ჩვენი ნება რომ ყოფილიყო რაიმე ფორმით დაუხვეწავი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, ბუნებრივია, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდით”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მთავარ საკითხებთან, მათ შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ვენეციის კომისიას მოსაზრებებში სრული თანხვედრა აქვთ.
„არცერთი ფუნდამენტური წინააღმდეგობა ჩვენ არ გვაქვს, მთავარი საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას და ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა მოსაზრებებში, მათ შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ბოლომდე ვიზიარებთ იმ შენიშვნებს, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას და მზად ვართ, გადავსინჯოთ საარჩევნო სისტემა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები