ირაკლი სესიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

„როცა ამბობთ, ერთიანი მიდგომა უნდა გვქონდეს და 7 თვითმმართველი ერთეული გავაუქმოთო, მაშინ ფოთსა და თელავს შორის რა განსხვავებაა? ამიტომ თქვენი ეს მიდგომა არ არის ჩემთვის ძლიერი“, – ამ სიტყვებით მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, თვითმმართველობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენის შემდეგ.
ამასთანავე, ირაკლი სესიაშვილი არ არის დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.
„თქვენ ბრძანებთ, რომ ერთ რაიონში თვითმმართველობის ორი სისტემა არსებობს. ამ ლოგიკით თუ მივყვებით, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს აჭარის უზენაესი საბჭო და პარლამენტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ? როცა ამბობთ, ერთიანი მიდგომა უნდა გვქონდეს და 7 თვითმმართველი ერთეული გავაუქმოთო, მაშინ ფოთსა და თელავს შორის რა განსხვავებაა? ამიტომ თქვენი ეს მიდგომაც არ არის ჩემთვის ძლიერი. თვითმმართველობა არის დემოკრატიული პრინციპების კარგი გამოხატულება და დემოკრატია ფასიანია. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა ქირურგიულ ჩარევას ვახორციელებთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, 2014 წელს განხორციელებულმა რეფორმამ დადებითი შედეგები მოიტანა. ირაკლი სესიაშვილი მიზანშეწონილად სხვა მიდგომებზე მუშაობას მიიჩნევს.
„ამბობთ, რომ ადმინისტრაციული ხარჯების პრობლემა გვაქვს. შეიძლებოდა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე გვეფიქრა. დაგვეტოვებინა, მაგალითად, ცალკე თელავის საკრებულო და ცალკე თემის საკრებულო, იმას თავისი მერი ჰყოლოდა, ამას თავისი გამგებელი. ერთიანი მთავრობა შეგვექმნა – ადმინისტრაცია ყოფილიყო ერთიანი. ჩემთვის ადმინისტრაციული ხარჯების პრობლემა პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ ალბათ ადმინისტრაცია ვერ დავალაგეთ ისე, როგორც საჭიროა. თუ ჩვენ დემოკრატიის პრინციპების დაცვას მივყვებით, ქალაქი შეიძლება დაიჩაგროს“,- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
​თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრისას, ირაკლი სესიაშვილმა თავი შეიკავა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტის 5-მა კომიტეტმა განიხილა და წარმოდგენილ პროექტს ხუთივემ მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები