თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებები ჩვენს მოლოდინებს სრულად შეესაბამება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებები კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე მმართველი გუნდის მოსაზრებებს სრულად შეესაბამება.

„ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებები საბოლოო დასკვნა არ არის. წინასწარი მოსაზრებები ჩვენს მოლოდინებს სრულად შეესაბამება. ზუსტად ასეთ დასკვნას ველოდებოდით ექსპერტებთან გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ერთ-ერთი რეკომენდაცია ე.წ. ბონუსის სისტემისთვის ზღვარის დაწესებაა, რასაც მმართველი გუნდი სერიოზულად განიხილავს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და უფლებამოსილებებს, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება. მისივე თქმით, გარკვეული მოსაზრებები არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებითაც.

„გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები სრულიად მისაღებია. ამ რეკომენდაციებზე, ყველაზე მეტად, აქცენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კეთდება ხოლმე. იცით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ე.წ. ბონუსის სისტემისთვის ზღვარის დაწესება და ამას ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. ამ მიმართულებით ცვლილება იქნება შემოთავაზებული. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და უფლებამოსილებებს, აქ განსაკუთრებული შენიშვნები გამოთქმული არ არის. ვენეციის კომისიისთვის არაპირდაპირი არჩევნები სრულიად მისაღებია და შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებები არ იქნება. არის გარკვეული მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან, გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერზე ვმსჯელობთ და ვაპირებთ, რომ სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ის შენიშვნები, რაც საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული. ეს არ არის საბოლოო”, – განაცხადა პარლამენტის  თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მან, ასევე, უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გასაჯაროების პრეზიდენტისთვის დაბრალება თავად დასკვნის შინაარსის გადაფარვის მცდელობაა.

„შინაარსი ზუსტად ის არის, რაც გვინდოდა და რასაც ველოდებოდით, ამიტომ გადასაფარი არაფერი არ გვაქვს”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები