„ვენეციის კომისიის ექსპერტების აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს“

​საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში არც ერთი მკვეთრად ნეგატიური შენიშვნა არ არის გამოთქმული, ხოლო მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება უპრობლემოდაა შესაძლებელი. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ვენეციის კომისიის ექსპერტების აზრით, ცვლილებები წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს.
„ გაკვირვებას იწვევს სხვადასხვა პოლიტიკოსების შეფასებები ამ საკითხზე. როგორც ჩანს, ჩვენს ოპოზიციას სხვა, მათი თანამოაზრეების მიერ შექმნილი დოკუმენტი აქვთ წაკითხული, რადგან იმაზე არავინ საუბრობს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და მისი ზოგადი ნაწილი იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების ცალსახად პოზიტიური შეფასებით. დასკვნაში არც ერთი მკვეთრად ნეგატიური შენიშვნა არ არის გამოთქმული, ხოლო მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება უპრობლემოდაა შესაძლებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ უმრავლესობასთან დაკავშირებულ დაშვებას თავადვე ვაკეთებდით საყოველთაო-სახალხო განხილვებისას თუ სხვა საჯარო გამოსვლებში. მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების აზრით, ცვლილებები წარმოადგენს წინგადადგმულ, პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ“, -განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები