თბილისში წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება

საბურთალოს რაიონში, პეკინის №23 ა-ში, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება.ბაღის შენობას გამაგრებითი-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. დასრულებული შენობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა. საბავშვო ბაღში მერთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტისა და საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.
საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა 9, მათ შორის, 2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება, დასაქმდება 70-მდე ადამიანი.
„ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ძალიან ლამაზად გარემონტებული საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბრისთვის გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ ბაღში ბავშვებისთვის დიდი და კეთილმოწყობილი სივრცეა. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია და ძალიან მალე დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვის პროცესი. უახლოეს პერიოდში შემოვა ავეჯი და სამზარეულოს ინვენტარი“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამსახურდიას 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.
თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდი პრობლემაა. აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება. ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს.
ახალი ბაღების ნუმერაცია დასრულდა და პეკინის #23 მდებარე ბაღი #74 იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები