“საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს, ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების გამო” – Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტი

Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტმა, კიმ ჰოლმსმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას. მან ქართველებსა და ამერიკელებს  დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე მიულოცა და მოკლედ განიხილა საქართველოს მიღწევები.
მისი განცხადებით, 1991 წელს აშშ ე​რთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან, „როგორც აღმოჩნდა, ეს იყო იმ დიდი მეგობრობის დასაწყისი, რომლის 25 წლის იუბილეს დღეს აღვნიშნავთ”, – დასძინა ჰოლმსმა.
ჰოლმსმა შეაქო საქართველო, რომელიც ბევრი გამოწვევის ფონზე, რეგიონში ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურად ჩამოყალიბდა.
„საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო”, – აღნიშნა ჰოლმსმა.
ჰოლმსმა განაცხადა, რომ საქართველოს მსგავსი პროგრესი, რომელიც 1999 წელს 123-ე ადგილს იკავებდა ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, არცერთ ქვეყანას არ ჰქონია, „ამჟამად საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსგავსი წარმატებისთვის  არცერთ სხვა ქვეყანას არ მიუღწევია”, – განაცხადა Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჰოლმსმა იმ საფრთხის შემცველ გარემოზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს უწევს განვითარება, „საქართველომ დაამტკიცა, რომ არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი, ბევრმა არ იცის, რომ ერაყში 2008 წელს, ქართული შენაერთი ჯარისკაცთა რაოდენობით მეორე იყო ამერიკის შემდეგ, ახლა კი ავღანეთში საქართველოს 870 მებრძოლი ჯარისკაცი წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ქართველი ხალხის მადლიერი ვიქნები ასეთი მსხვერპლის გაღებისთვის”, -დასძინა ჰოლმსმა.
საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ვაშინგტონში Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები