კონგრესმენი ტედ პო – ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული

Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი”,  გახსნითი სიტყვით კონგრესმენი ტედ პო (რ- ტეხასი) წარდგა .
საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ იგი ამაყია იმით, რომ უკავია აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარის პოსტი. მან ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე მეგობრობას და პარტნიორობას და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება”, – განაცხადა ტედ პომ.
საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა გაიხსენა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი. კონგრესმენის აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო დემოკრატიის დაკნინების მცდელობა, რადგან საქართველო სწორედ დემოკრატიის და იმედის შუქურად მოიაზრებოდა და კვლავაც მოიაზრება რეგიონში. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს რეაქცია პუტინის აგრესიაზე არ იყო სათანადოდ მკაცრი, რამაც მოსკოვი შემდგომი ქმედებებისკენ წააქეზა. ამ კონტექსტში, კონგრესმენმა გაიხსენა  2008 წელს  გაკეთებული საკუთარი პროგნოზი, როდესაც თქვა, რომ „ეს არ არის რუსული აგრესიის დასასრული და შეხედეთ, რა მოხდა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში!”.
კონგრესმენის მოსაზრებით, მნიშნველოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნა. ამ მხრივ, მან განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მთავრობის როლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესში.
კონგრესმენმა პომ აღნიშნა საქართველოს წარმატება ეკონომიკური განვითარების მხრივ და დასძინა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად, კონგრესმენმა აღნიშნა ქართველების როლი ევროატლანტიკური უსაფრთხოების შნარჩუნების პროცესში. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ბრძოლის ველზე უდიდესი სიმამაცისთვის,
„ბრძოლის ველზე თანამშრომლობა კიდევ უფრო აღრმავებს კავშირს ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის”, – აღნიშნა მან.
საკუთარი გამოსვლა კონგრესმენმა პომ ამერიკის 35-ე პრეზიდენტის სიტყვებით დაასრულა: „უნდა გავაგებინოთ ყველა ქვეყანას, მოყვარეს თუ მტერს, რომ აშშ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გამოწვევის ფონზე, მხარს დაუჭერს მეგობარს, შეებრძოლება ნებისმიერ მტერს, რათა გადაარჩინოს თავისუფლება”.
ტედ პოს აზრით, სწორედ ეს ფრაზა აღწერს იმ ტიპის ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები