ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის მადლობის წერილი მიიღო.
პაოლო ალი ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სესიის მონაწილეებმა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკეთ აღიქვეს ის რთული გეოპოლიტიკური გარემო, რომელთანაც ქვეყანას ყოველდღიურად უწევს გამკლავება. წერილში ასევე ნათქვამია, რომ პაოლო ალი მოხარულია, ასამბლეის მიერ სესიის დასკვნით ნაწილში მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მკაფიო მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებით.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მადლობას გიხდით პირადად თქვენ და საქართველოს პარლამენტს, საქართველოში ასამბლეის პირველი, ისტორიული სესიის მასპინძლობისთვის. მსურს ასევე მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიების პროგრამის მნიშვნელოვან ასპექტებში თქვენი მონაწილეობისთვის.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, თქვენ ხაზი გაუსვით საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და თქვენს ურყევ ნებას, განავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ნატოს მიზანი არ გახლავთ მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა. ალიანსი ასევე ზრუნავს დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების გაძლიერებაზე. გამოსვლაში თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ ნატოს წევრობა ნიშნავს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და ამ განწყობას სრულად იზიარებენ ასამბლეის დელეგატები.
დარწმუნებული ვარ, რომ სესიის მონაწილეებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკეთესად აღიქვეს ის რთული გეოპოლიტიკური გარემო, რომელთანაც თქვენს ქვეყანას ყოველდღიურად უწევს გამკლავება. შესაბამისად, ისინი ახლა უფრო მეტად აფასებენ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების განმტკიცებაში. მოხარული ვარ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ასამბლეის მიერ სესიის დასკვნით ნაწილში მიღებულ დეკლარაციაში.
მსურს ასევე უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს პარლამენტში კვირა საღამოს გამართული მიღების მასპინძლობისთვის. ეს იყო ღონისძიება, რომელიც არცერთ ჩვენგანს არასოდეს დაავიწყდება. მიღებაზე შექმნილი გარემო, კულტურული პროგრამა და თქვენი სტუმართმოყვარეობა უბრალოდ ბრწყინვალე იყო. გთხოვთ, გაუზიაროთ ჩემი მადლიერება ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი ხელმძღვანელობისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის. ასამბლეის საგაზაფხულო სესია გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ღონისძიება, მთავარი კი ამ სესიის წარმატებით წარმართვაში სწორედ თქვენი მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა იყო”, – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მადლობის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები