პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვენეციის კომისიის დასკვნას მიესალმება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციური მოწყობის სრულყოფისკენ.
როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ შემოთავაზებული რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას.
“დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები სრულყოფილს ხდის საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისკენ, რომელიც 2010 წლის რეფორმით დაიწყო და წარმოადგენს პოზიტიურ წინ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ. კომისია ხაზს უსვამს, რომ 2010 წელს მათ გასცეს რეკომენდაცია, გაძლიერებულიყო პარლამენტის ფუნქცია და დახვეწილიყო უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. კომისია ამბობს, რომ შემოთავაზებული რეფორმა პასუხობს ამ რეკომენდაციას და ვენეციის კომისიას შეუძლია მხოლოდ მიესალმოს საკონსტიტუციო ცვლილებების ამ პროცესს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციას, ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ “საარჩევნო სისტემის შერეული (პროპორციული/მაჟორიტარული) სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას ემსახურება”.
“დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ 5%–იანი ბარიერი სრულიად შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და არ იმსახურებს არანაირ კრიტიკას, ასევე სრულიად ლეგიტიმურია ბლოკების შეზღუდვის მოთხოვნა და ბონუსის მექანიზმი, იმ პირობებში, თუ ზედა ზღვარის დაწესება მოხდება იმ გაფლანგული მანდატებისათვის, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულ პარტიას”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები