კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა

კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და კონკურსი ,,თბილისი“ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
თამარ ტალიაშვილის თქმით, კონკურსი „თბილისი“ წელს უკვე მესამედ ჩატარდება.
„ეს კონკურსი ქართულ სახელოვნებო და ლიტერატურულ სივრცეში ერთგვარი ნოვაციაა და შემოქმედების ბევრ სფეროს მოიცავს. ესენია: პოეზია, ფერწერა, პროზა, მუსიკა, ფოტოხელოვნება, ასევე, ქანდაკება და არქიტექტურა.  სპეციალური ნომინაცია არის გათვალისწინებული მოსწავლეებისათვისაც – ,,წლის საუკეთესო ესე“, აგრეთვე, ცალკეა ჟიურის სპეციალური პრიზი. კონკურსი „თბილისი“ არის ერთგვარი პლატფორმა იმისთვის, რომ ერთიანი შემოქმედებით, დისკუსში ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი გაერთიანდეს, თბილისის კულტურული პოლიტიკის ღერძი არის სწორედ შემოქმედებითი გარემოს სტიმულირება, რაც ხელოვანთა მოტივაციითა და მათთვის შემოქმედებითი მუხტის მქონე სივრცის შექმნით მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული არიან ქართული დიასპორებიც უცხოეთში. ვიღებთ ნაწარმოებებს ქართველი ემიგრანტებისგან, მაგალითად, შარშან ესპანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი გახდა კონკურსის გამარჯვებული ფერწერის ნომინაციაში. მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ – კონკურსში „თბილისი“ განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოები. თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარმოდგენა შეუძლია კონკურსანტს.
ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია არც ერთ ნომინაციას, გარდა ერთისა – ნომინაცია სკოლის მოსწავლეებისთვის – „წლის საუკეთესო ესე“. რომელშიც ყოველწლიურად განსხვავებულია თემატიკა. წელს ესეი თემებია: „ილიას საქართველო“, ასევე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება. გამარჯვებულებს საკრებულოსგან გადაეცემათ ფულადი ჯილდო, სპონსორები აწესებენ სპეციალურ ფასიან პრიზებს და ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, კონკურსისათვის გამოჩენილი მოქანდაკის, გია ჯაფარიძის მიერ შექმნილი ხოხბის ქანდაკება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 8 სექტემბრამდე. გამარჯვებულების დაჯილდოება „თბილისობის“ ღონისძიებების ფარგლებში მოხდება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები