ქართველი სპორტსმენების მეგობარი მათ დაკავებას ადასტურებს – “დარწმუნებული ვარ, ბიჭები არაფერ შუაში არ არიან” (ვიდეო)

​ამერიკაში მყოფი ქართველი სპორტსმენების – ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის მეგობარი მერაბ დვალიშვილი მათ დაკავებას ადასტურებს. როგორც დვალიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართავში აცხადებს, მომხდარი ფაქტი დიდი გაურკვევლობა და შეცდომაა.
„ცოტა ხანში გაირკვევა და დაზუსტდება ყველაფერი. ბიჭები გარეთ გამოვლენ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ თავიანთ საქმეს. პანიკას ნუ მიეცემით, არაფერი ცუდი არ მოხდება. ეს არის დიდი შეცდომა. შეიძლება, ვიღაცამ რაღაც დააშავოს, მაგრამ ეს ბიჭები არიან აბსოლუტურად სუფთები. ყველაფერი გაირკვევა და იქნება ისე, როგორც უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ესენი არაფერ შუაში არ არიან“, – განმარტა აშშ-ში დაკავებული ორი სპორტსმენის მეგობარმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის, სავარაუდოდ, სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების – UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორის 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან. დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან. დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე, კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან. აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა. დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ – რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები