ირაკლი კობახიძე: უშიშროების საბჭოს მდივანმა საკუთარი სტატუსი არ იცის, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა

“უშიშროების საბჭოს მდივანმა საკუთარი სტატუსი არ იცის, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანულ კანონთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
კობახიძის თქმით, არ შეიძლება უშიშროების საბჭოს მდივანი იმის შესახებ საუბრობდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნატოში ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს შექმნის ან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართოს, რომ ის მასთან ვერ შეთანხმდება.
“გუშინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, ანუ საბჭოს მდივნის მხრიდან ისეთი მოსაზრებები გამოითქვა, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადი იყო საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან. სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი და ფუნქცია. მას ჰგონია, რომ ის წარმოადგენს უშიშროების საბჭოს. ასეთ დონეზეც კი არ იცის, რა ხდება საქართველოში, საქართველოს კონსტიტუციაში. მე წარმოვადგენ უშიშროების საბჭოს, მე ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ისევე, როგორც პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. მე ვარ უშიშროების საბჭო და როცა უშიშროების საბჭოს სახელით, უშიშროების საბჭოს წევრს, მდივანი მელაპარაკება, გამოდის, რომ მას საერთოდ არა აქვს წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძე აცხადებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, უშიშროების საბჭოს მდივანი არის საჯარო მოსამსახურე, ისევე, როგორც მაგალითად, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი.
“რაც შეეხება პარლამენტის წევრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ის არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს არის ორჯერ ორი – ოთხი. არ შეიძლება საჯარო მოსამსახურე ესაუბრებოდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და ეუბნებოდეს, რომ “მე და შენ ვერ შევთანხმდებით“. როცა უშიშროების საბჭოს მდივანმა ასეთი რამე რომ არ იცის, რბილად რომ ვთქვა, შემაშფოთებელია“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები