ქართველი მოკრივის მეგობარი ავთანდილ ხურციძის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავს

აშშ-ში შესაძლო დაკავებულის, ქართველი მოკრივის  მეგობარი გამორიცხავს ავთანდილ ხურციძის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს.
როგორც  იოსებ კობერიძემ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ.
„ავთანდილ ხურციძე საქართველოდან გუშინ გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ დამთხვევაა სახელისა და გვარის. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი დროით, ამ დილას ჩაფრინდებოდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ემთხვევა სახელი და გვარი და მეტი არაფერი. ლევან მაყაშვილის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ დანამდვილებით ის არის თუ მისი სახელიც ემთხვევა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ავთოს პირადად ვიცნობ და ჩემთვის წარმოუდგენელია მისი კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. არის ვერსიაც, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ. არაფერია გამორიცხული, იმედი ვიქონიოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა სასიკეთოდ”, – განაცხადა იოსებ კობერიძემ.
​დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის, სავარაუდოდ, სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების – UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორის 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან.
დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.
დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.
აშშ-ს პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა.​
დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ რაჟდენ შულაი და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები