ავთანდილ ხურციძის დედა: ჩემს შვილს საელჩოში ვიზა ჩაურტყეს და უთხრეს, რომ უნდა წასულიყო ამერიკაში 

ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის ოჯახს, ამერიკაში შვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს. ავთანდილ ხურციძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ამერიკაში გუშინ, დილის 4 საათზე გაემგზავრა. მისივე თქმით, მის შვილს ამერიკის საელჩოდან დაურეკეს და პირადი ნომერი სთხოვეს, რის შემდეგაც საელჩოში დაიბარეს.
“მას ვიზა ჩაურტყეს, უთხრეს, რომ უნდა წასულიყო ამერიკაში. მოუვიდა ბილეთი და წავიდა გუშინ, 4 საათზე, გამთენიისას. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. არავის ინფორმაცია არ მოუწოდებია ჩემთვის,” – განაცხადა მაყვალა ხურციძემ.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრებს მოგვიანებით სიძე დაუკავშირდა და განმარტა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა ავთანდილ ხურციძეს.
​დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის, სავარაუდოდ, სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების – UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორის 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან.
დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.
დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.
აშშ-ს პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა.​
დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ რაჟდენ შულაი და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები