აშშ-ში დაკავებული 15 საქართველოს მოქალაქიდან ორი, შესაძლოა, ცნობილი სპორტსმენი იყოს

აშშ-ში დაკავებული 15 საქართველოს მოქალაქიდან ორი, შესაძლოა, ცნობილი სპორტსმენი იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძე კიკბოქსინგის მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
როგორც „კვირას“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქართველი სპორტსმენების დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ არცერთი მათგანი საქართველოში აღიარებული ფედერაციის წევრი არ არის.
„არ ვიცით ეს ადამიანები მართლა დაკავებულები არიან თუ არა, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის საქართველოში აღიარებული ფედერაციის წევრი.  სპორტის ეს სახეობები – კიკბოქსინგი და შერეული ორთაბრძოლა, არცერთი არ არის აღიარებული საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს მიერ. ისინი არიან კერძო ტურნირებში მონაწილე სპორტსმენები და კომერციულ ტურნირებში იღებენ მონაწილეობას“, – განმარტეს სამინისტროში.
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორის 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან.
დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.
დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.
აშშ-ს პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა.​
დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ რაჟდენ შულაი და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები