საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება

“კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, საბოლოოდ, პოზიცია შეთანხმდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანეს – კონსტიტუციაში იქნება ფორმულირება, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების, როგორც განსაკუთრებული რესურსის მესაკუთრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო იქნება.
“ამავე დროს, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით, ინიცირებული იყო პროექტი. დღეს, გადაწყვეტილება მივიღეთ და ახლა სპეციალური პროცედურით, ამ პროექტის უკან გამოწვევის თაობაზე შესაბამისი წერილი მზადდება და დღეს ახალ ცვლილებას დავარეგისტრირებთ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ და მისი წინაპირობა იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, ანუ ძალაში შესვლამდე, მორატორიუმი იქნება გამოცხადებული და ამ დროში მიწების ყოველგვარი გასხვისება შეჩერდება. ასევე, მოკლე ვადაში, ორგანულ კანონში ცვლილება შემუშავდება იმ საბოლოო ფორმულირებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტუციური ჩანაწერის“, – აღნიშნა ბესელიამ.
​მორატორიუმი იმ მუხლს შეეხება, რომელიც დღეს მოქმედ კანონში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების შესაძლებლობას ტოვებს.
„ამიტომ, ამ წესთან დაკავშირებით, ცვლილება იქნება შემოთავაზებული, რომ ამ ნორმის მოქმედება შეჩერდეს, სანამ კონსტიტუციური ცვლილება ძალაში არ შევა და უფრო მოკლე დროში ცვლილება ორგანულ კანონში მომზადდება. მორატორიუმი წინა პარლამენტში იყო გამოცხადებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი სხვა იყო. ამჯერად, სხვა საფუძველი იქნება მითითებული და ეს კონსტიტუციური ჩანაწერი გახლავთ, რომელიც საბოლოო ჩარჩო უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრავს სასოფლო-სამურნეო მიწებზე საკუთრების უფლების სუბიექტებს. შესაბამისად, სხვა კანონი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს“, – განაცხადა ბესელიამ.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვაზე განცხადებები დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი ინიციატივით მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები