გიორგი მარგველაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისათვის მადლობის წერილი მიიღო, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს. „კვირა“ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„ბატონო პრეზიდენტო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენს ულამაზეს დედაქალაქში საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისათვის. ვაცნობიერებ რა თქვენს დატვირთულ გრაფიკს, განსაკუთრებულად მადლიერი ვარ შეხვედრაში მონაწილეობის გამო. თქვენმა გულწრფელმა და მნიშვნელოვანმა შენიშვნებმა ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს შეაქვს საერთო უსაფრთხოების საქმეში.
თქვენს მოწოდებას ქართველი პოლიტიკოსების მიმართ – გაერთიანდნენ და ევროპული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები განახორციელონ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დელეგატების მხრიდან. ასევე, მოხარული ვარ, რომ სხდომის დაწყებამდე, მომეცა თქვენთან სხვადასხვა საკითხის განხილვის საშუალება, განსაკუთრებულად ვაფასებ ჩვენს ღია და გულწრფელ დიალოგს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ისტორიული შემთხვევაა, როგორ საქართველოსთვის, ასევე, ასამბლეისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა სხდომის მიერ მიღებულ დეკლარაციაში. ასამბლეა ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახმარებლად. კიდევ ერთხელ, გიხდით მადლობას იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც შეიტანეთ ასამბლეის მუშაობაში”, – აღნიშნულია პაოლო ალის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები