ევროკავშირთან დაძმობილების პროექტმა ხელი შეუწყო ელექტრონული მმართველობის განვითარებას

​საქართველოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ 7 ივნისს ევროკავშირთან დაძმობილების (TWINNING) პროექტის − „ელ-მმართველობის განვითარება საქართველში II“ − დახურვის ოფიციალური ღონისძიება გამართა. ღონისძიება გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი პატარიძემ.
დამსწრეებს სიტყვით ევროკავშირის წევრი ქვეყნის პროექტის წარმომადგენლებმა, ჰანნეს ასტოკმა და ვიტორიო ვალერომ მიმართეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი პატარიძის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან მიახლოებაში, გადამწყვეტი ნაბიჯია საქართველოს წინსვლისა და ევროპაში ინტეგრაციისთვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 2016 წელს დაიწყო და 21 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების დაძმობილების პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსდა 1,3 მილიონი ევროთი. პროექტს ხელმძღვანელობდა ესტონეთის ელ.მმართველობის აკადემია, ესტონეთის მთავრობასა და იტალიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კონსორციუმ CSI-პიემონტესთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში, 52-მა ექსპერტმა ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ოფიციალურ პირებს კონსულტაცია გაუწია.
ესტონელმა და იტალიელმა ექსპერტებმა, ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, დანიის და ლატვიის სპეციალისტებთან ერთად, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებმა ესტონეთში, იტალიასა და ჰოლანდიაში სხვადასხვა სასწავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლებმა გაიარეს მარკეტინგის კურსები ელექტრონული მმართველობის წარდგენის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. ელექტრონული მმართველობის პოტენციალის საჯარო ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპელი ექსპერტების მიერ, ასევე, ჩატარდა 2 გასვლითი სემინარი, სხვადასხვა ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ელექტრონული სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების რიგ საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები