9 ივნისს, ღონისძიებას – „ჩინეთი-საქართველო, მეგობრობის დღე” პრემიერ-მინისტრი გახსნის

 ​საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისში „ჩინეთი-საქართველო, მეგობრობის დღე“ აღინიშნება.
დღესასწაული რიყის პარკში 9 ივნისს, 11:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება. „ჩინეთი-საქართველო, მეგობრობის დღე“ იმართება საერთაშორისო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის, GBTIMES Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ოფიციალურ ნაწილს 13:00 საათზე გახსნიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიებას, ასევე, დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.
მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება: ჩინური კომპანიების პროდუქციის გამოფენა, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების მასტერკლასები, ეროვნული სამოსის ჩვენება, ჩინური სამზარეულოს დეგუსტაცია, გასართობი ღონისძიებები, გამოფენები და კონცერტები. პირველად საქართველოში, დღესასწაულის სტუმრები იხილავენ გრანდიოზული დრაკონების შთამბეჭდავ შოუს და ჩინური ლომების ტრადიციულ ცეკვას.
ღონისძიებაში ჩინეთიდან მოწვეული ხელოვანების ჯგუფი მონაწილეობს, რომელიც აუდიტორიის წინაშე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი პერფორმანით წარდგება. ღონისძიებას გრანდიოზული კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს.
დღესასწაულის მიზანია ორი ქვეყნის დაახლოება და ურთიერთობების გაუმჯობესება. ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან რადიო JAKO FM და რადიო „შოკოლადი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები