გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრი სასახლეში მიიღო

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მსგავსი მიზნები ამოძრავებთ და ორივე ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ დგას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინაში და გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას ყველა ფორმატში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ პირადი წვლილისათვის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში. შეხვედრისას საუბარი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მზადების საკითხებს შეეხო, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები