იანოშ ჰერმანი: საჭიროა ინტენსიური მუშაობა, 2020 წლამდე არც თუ ისე შორია

“ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აქვს ამოცანა, რომ დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან 2020 წლამდე“, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხია, რის გამოც ევროკავშირი ამ მიმართულებით ქვეყნის დაფინანსებას აგრძელებს.
“ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აქვს ამოცანა, რომ დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან 2020 წლამდე. რა თქმა უნდა, ეს ეხება იმ მიმართულებებს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებითაა გაწერილი და ასეთი საკმაოდ ბევრია. საქართველომ ამ მხრივ ბევრი გააკეთა, რასაც ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა დარჩენილი 3 წლისთვის, 2020 წლამდე არც თუ ისე შორია” – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
როგორც ჰერმანი აცხადებს, მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელებაც.
„მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელებაც. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საძირკველში დევს“, – აღნიშნა ჰერმანმა.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის მორიგი, 3 წლიანი დღის წესრიგის ათვლა 2017 წელს დაიწყო. დოკუმენტით განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანებით, სამინისტროებს 2020 წლამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაევალათ. სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოეთხოვება იუსტიციის უწყებას ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიაში მოიყვანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები