ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს მდივანს თავის სტატუსს ახსენებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება დავით რაქვიაშვილის განცხადებებს უშიშროების საბჭოს მდივნის სტატუსის შესახებ. თავჯდომარე მიიჩნევს, რომ დემოკრატიის უპრეცედენტოდ მაღალმა ხარისხმა ზოგი მოხელე  დააბნია.
მისივე თქმით, დავით რაქვიაშვილის განცხადებები უშიშროების საბჭოს მდივნის სტატუსს არ შეესაბამება.
“ბატონ რაქვიაშვილს შევახსენებდი თავის სტატუსს. ის გახლავთ უშიშროების საბჭოს მდივანი და ამ სტილში ესაუბრება ვის? მოცემულ შემთხვევაში, ამავე საბჭოს წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს იგივეა, ჩვენი ფრაქციის აპარატის უფროსმა მენტორული ტონით და კომუნიკეებით რომ დაიწყოს ჩემთან და ჩვენი ფრაქციის წევრებთან ლაპარაკი. ვეჭვობ, რომ დემოკრატიის უპრეცედენტოდ მაღალმა ხარისხმა გარკვეული მოხელეები დააბნია“, – განცხადა მამუკა მდინარაძემ.
უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის შეფასებით, უშიშროების საბჭოს გაუქმება ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს.
“კონსტიტუციის პროექტის მიერ შემოთავაზებული ეს ცვლილება არ ითვალისწინებს არც ოკუპაციას, არც იმ ფაქტს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ყველაზე დიდი საფრთხე – რუსეთის ფედერაცია არ იღებს ცეცხლის არ გამოყენების შესახებ ვალდებულებას. ამ ფაქტების იგნორირებით არის ცვლილებები წარმოდგენილი და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამ ცვლილებების განხორციელებისგან თავს შეიკავებს და კანონპროექტის მოდიფიკაცია მოხდება”, -აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები