ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანს დახმარება გაეწია

ლომისობის დღესასწაულზე, სოფელ მლეთაში, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა შესაბამისი დახმარება 20-მდე ადამიანს აღმოუჩინეს. წმინდა გიორგი ტაძართან მისვლამდე, მომლოცველებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები და ტრავმები მიიღეს. მათ შორის, ერთ-ერთმა ფეხი მოიტეხა.
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ მლეთაში დილის 5 საათიდან 65 მაშველი იმყოფება. მაშველებს დაშავებული მომლოცველები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაჰყავთ, იქ სადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დაშავებულები უახლოეს სამედიცინო პუნქტში მიჰყავთ. ცნობისათვის, სამაშველო ბრიგადები ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან.
ლომისობა აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, „დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.
ლომისობა ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით, აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად, წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ წმიდა გიორგის მეოხებით, ახალგაზრდა ქალმა ცოდვები გამოისყიდა. ამის შემდეგ, ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას. ლომისობა ადრექრისტიანული დღესასწაულია და დაკავშირებულია ქრისტიანულ რელიგიასთან.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები