პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს – მოსახლეობას კორპუსების მიშენებების, ლეგალიზების საშუალება მიეცემა

პარლამენტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის ინიცირებულ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტი დაუსრულებელი მშენებლობებისთვის და მათი მშენებლებისთვის შეღავათებს გულისხმობს.
​როგორც ლილუაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, სამშენებლო კომპანიებს დაგროვებული კ2 კოეფიციენტის გადასახადის გრაფიკით, 2020 წლამდე გადახდის საშუალება ექნება.
„ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მერის მოადგილე ვიყავი, შევქმენით დაუმთავრებელი მშენებლობების კომისია. განვიხილეთ 200 – მდე ასეთი შემთხვევა და შევისწავლეთ თითოეულის შემაფერხებელი მიზეზი და თითოეულ ამ ჯგუფთან პირადი კომუნიკაცია მქონდა. გავიტანეთ კანონპროექტი. არსებობს კ2 ინტენსივობის კოეფიციენტის მოსაკრებელის ვალდებულება. ამ მოსაკრებლის გადასახადი უამრავ სამშენებლო კომპანიას აქვს დაგროვილი. ზოგი უკვე არც არსებობს. ხშირ შემთხვევაში, ესენი არიან ამხანაგობები, ბევრს სასამართლო დავა აქვს. ვერ სრულდება საქმეები ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არადა, ხშირ შემთხვევაში, დაუმთავრებელ კორპუსებში მოსახლეობაა შესული, მაგრამ ვერ ახერხებენ დასრულებას, შენობის ექსპლოატაციაში მიღებას. ამ კანონპროექტებით, მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ კ2 კოეფიციენტის სავალდებულო გადასახადი, 2020 წლამდე გრაფიკით გადაიხადონ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
​გარდა ამისა, შესულია მეორე კანონპროექტი, რომელიც მოსახლეობას უკანონო მიშენებების, დაშენებების ან საცხოვრებლად გადაკეთებული სხვენების ლეგალიზებაში დაეხმარება.
„ წინა წლებში, ბუმი იყო სხვენებში საცხოვრებელი ფართების მოწყობის, ეს ყველაფერი კანონგარეშე დარჩა, არადა, დღეს იმ სხვენებში ხალხი ცხოვრობს. ამ ხალხს ვერ გამოასახლებ და ათასობით ოჯახს საცხოვრებლის გარეშე ვერ დატოვებ. ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ნაწარმოებია მიშენებები და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ჯარიმებისაგან გავათავისუფლებთ მოსახლეობას, თუკი ქალაქის მერიაში წარმოადგენენ კონსტრუქციული მდგრადობის დასკვნას. დაშენება ან სხვენში მოწყობილი საცხოვრისი თუ უსაფრთხოა, მერია უპირობოდ მოახდენს მის ლეგალიზებას. ადამიანებს ფული აქვთ დახარჯული ამ მშენებლობებში და კანონიერად ვერ იყენებენ თავიანთ ფართებს. როცა ამის ლეგალიზება მოხდება, ეს გარკვეულწილად, შევა ქვეყნის ეკონომიკაშიც. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მდგრადობის დასკვნას ვერ წარმოადგენენ, მაშინ ამ ნაგებობის დემონტაჟს მოვთხოვთ მათ, რათა უსაფრთხო გახდეს საცხოვრებელი გარემო“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები