საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა

ამერიკის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა.
როგორც „ვექტორისთვის“ გახდა ცნობილი, თავის დროზე, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზრობის დახურვა საელჩოს თხოვნით მოხდა, რასაც სააგენტოს მიერ მოპოვებული წერილი ადასტურებს.
წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საელჩომ თხოვნით მიმართა თბილისის მერიას, შეეზღუდათ საელჩოს ტერიტორიასთან ახლოს მოქმედი ბაზრობა 2007 წელს, ბოლო 10 წლის მანძილზე, ქალაქი საელჩოსთან ახლოს ბიზნესების და მშენებლობების რეგულაციებზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა და საელჩოს სთხოვდნენ, წინააღმდეგობა არ გაეწია.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ დღეს სიტუაცია შეიცვალა და საელჩო არ ითხოვს ბაზრობის გაუქმებას, თუმცა ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მასალებიდან ირკვევა, რომ მეორადი ბაზრობების ტერიტორიაზე არა მანქანების ბაზრობა, არამედ სავაჭრო პავილიონები უნდა ყოფილიყო.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტობაზრობის ტერიტორიაზე, მესაკუთრე შპს „დი ეს დი თეგეტას“ თბილისის არქიტექტურული სამსახურისგან მიღებული აქვს ნებართვა მე-4 კლასის პავილიონის მშენებლობაზე, მშენებლობის ვადა კი 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრება.
ანალოგიურად, გლდანი-დიღმის შემაერთებელ გზაზე გაცემულია ნებართვა მე-3 კლასის საგამოფენო დარბაზის მშენებლობაზე, რაზეც განმცხადებელს ასევე მიღებული აქვს ამერიკის საელჩოს თანხმობა, თუმცა საელჩოს წერილში ნათქვამია, რომ მისი თანხმობის გარეშე არ მოხდება პროექტის ფუნქციის შეცვლა ან გასხვისება.
“ვექტორი“ საკითხის გასარკვევად თბილისის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ბაზრობების კანონიერებაზე ჯერ ვერ საუბრობენ და აცხადებენ რომ მოკვლევა მიმდინარეობს.
„საქმის წარმოება მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ არის. ჩართული არიან არქიტექტორები და წითელი ხაზების განყოფილება. ამ ეტაპზე, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადეს „ვექტორს“ ზედამხედველობის სამსახურში.
მათივე თქმით, მოკვლევა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, არის თუ არა დარღვევა აღნიშნულ მისამართებზე მეორადი მანქანების ავტობაზრობების არსებობა კანონდარღვევა.
ზედამხეველობის უარყოფითი დასკვნა კი, ალბათ, ისევ რიგით მომხმარებლებს დააზარალებს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, რუსთავის ბაზრობამდე ჩასვლას, თბილისში ამჯობინა მანქანის გაყიდვა. შეგახსენებთ, რომ რუსთავში უკვე წლებია, ინფრასტრუქტურულად საკმაოდ მოწესრიგებული რუსთავის ბაზრობა არსებობს და სწორედ ქალაქი რუსთავი უნდა გამხდარიყო კავკასიაში ავტომობილების მთავარი სავაჭრო ცენტრი.

 

წყარო:http://veqtori.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები