თამარ ტალიაშვილი: სექტემბრისთვის ოცამდე ბაგა-ბაღში სანიაღვრე სისტემებსა და ასფალტის საფარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ტენდერებიდან მოძიებული რესურსების დიდი ნაწილი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, 1 500 000 ლარით იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, აღნიშნული თანხები კი თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას მოხმარდება.
​აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან დაისვა შეკითხვები, რის პასუხადაც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ბიუჯეტით განსაზღვრული ცვლილებები. ასევე, წარმოადგინა პრეზენტაცია, რითაც დაასაბუთა ამ კონკრეტულ ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობა და მათი გაუმჯობესების აუცილებლობა.
თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია მაჟორიტარ დეპუტატებთან და თბილისის მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად, თვეებია მუშაობს, რათა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით გათვალისწინებული იყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა და ბაგა-ბაღები ახალ სასწავლო წელს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ.

საკრებულოს ინფორმაციით, ასფალტის საფარსა და სანიაღვრე სისტემებს რეაბილიტაცია N50, N89, N107, N135, N151, N185, N 190 , N13, N173 , N184 , N186 , N 39, N40 , N192 , N167 , N 76 , N111, N116, N196 ბაგა-ბაღებში ჩატარდება. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მერიის მიერ საჭიროებების შესწავლა მუდმივად მიმდინარეობს და მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება მომავალშიც იგეგმება, ახალი ბაღების მშენებლობისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარების პარალელურად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები