რა დროს ხარჯავენ ახალგაზრდები ინტერნეტში – დემოგრაფმა კვლევის შედეგები წარმოადგინა

​დემოგრაფი ანზორ თოთაძე ახალგაზრდების მიერ ტელევიზიის, ინტერნეტის და მობილურის საგანგაშოდ დიდი დოზით გამოყენებაზე საუბრობს. მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელშიც 5 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდა ვაჟები დღე-ღამეში ინტერნეტში 10 საათსა და 20 წუთს, ხოლო გოგონები – 9 საათსა და 45 წუთს ხარჯავენ.
„ადამიანები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ ელექტრონულ სივრცეში, ოღონდ არა იმისთვის, რომ განვითარდნენ, არამედ იმისთვის, რომ ითამაშონ და გაერთონ. თუ ადამიანმა არ იცის დროის გამოყენება, ის ვერ დაიხარჯება და ვერაფერ ღირებულს ვეღარ შექმნის. 5 უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ძალიან სავალალო მდგომარეობაა – სტუდენტი ვაჟებიც და ქალებიც ძალიან დიდ დროს უთმობენ ტელევიზორს, მობილურ ტელეფონს და ინტერნეტს. ინტერნეტი ჩვენთან სწავლისთვის არ გამოიყენება. საშუალოდ, ყოველდღე, შაბათ კვირის ჩათვლით, სტუდენტი ვაჟი ტელევიზორზე, მობილურ ტელეფონზე და ინტერნეტზე დღეში 10 საათსა და 20 წუთს ხარჯავს, ხოლო ქალი – 9 საათსა და 45 წუთს. დღე-ღამეში 24 საათია, თუ ათ საათს ამაზე ხარჯავენ დღეში, აღარაფრის დრო აღარ რჩება. დაშტერებული თაობა იზრდება.
ამავე კვლევების მიხედვით, ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ღამის სამ საათზე და უფრო გვიან იძინებს. ერთი-ორი იყო ისეთი, ვინც 11 საათზე იძინებდა. ძირითადი მასა იძინებს პირველ ან ორ საათზე, ხოლო ყოველი მეხუთე გამოკითხული სამ საათზე და სამზე გვიან იძინებს. ეს საგანგაშო მონაცემებია, ამას სკოლებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა და სამედიცინო დაწესებულებებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ამ საკითხზე ბევრი უნდა წერონ ჟურნალისტებმა. უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლებმა თავიანთი საგნის სწავლებასთან ერთად, ყველა ლექციაზე 3-5 წუთი უნდა დაუთმონ ზნეობრივ საკითხებზე საუბარს. დღეს ეს აუცილებელი გახდა“,- განაცხადა ანზორ თოთაძემ.
​თოთაძის თქმით, საგანგაშოა ისიც, რომ ადამიანები დილიდან საღამომდე მუსიკას უსმენენ ყურსასმენით.
„ეს ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს. გადადის ტვინში და ფსიქიკურად მოქმედებს ადამიანზე. ამავდროულად, ქვეითდება სმენა და ხშირ შემთხვევაში, სრულად ყრუვდებიან“, – აღნიშნა თოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები