უნივერსიტეტის ქუჩაზე გზა 1,7 მეტრით გაფართოვდება
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის ქუჩის ამ მონაკვეთში სავალი ნაწილის გაფართოება 1 მეტრით და 70 სმ.-ით მოხდება. სამუშაოების შედეგად, გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებითაც მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ.
პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა მიწისქვეშა კომუნიკაციების – „სილქნეტის“, „მაგთის“, „ახალი ქსელების“ კაბელების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, ასევე, სანიაღვრე ქსელის, შუქნიშნების, ბილბორდების, განათების ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლა. უახლოეს მომავალში იგეგმება ავტობუსების განრიგის ტაბლოს გადატანაც.
უნივერსიტეტის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების მიმდინარეობისას, შესაძლოა, გზის მხოლოდ ნაწილობრივი გადაკეტვა. საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისი“ აწარმოებს.