პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 46.96%-ით გაიზარდა

სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, 1 224 010 მგზავრი გადაადგილდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი) 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება.
ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის ხუთი თვის განმავლობაში, მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 42,96% შეადგინა;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა;
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, 72 516 მგზავრს მოემსახურა, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული ხუთი თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, 2 343 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 145 მგზავრით, შესაბამისად, 95,58%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 5 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.
ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე 324 მგზავრს მოემსახურა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 53 567 ერთეული გადაფრენა).
მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.
საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად, 48,47%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები