რა პრობლემებია მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოში – როგორც წყდება წყვილის განქორწინებისას არასრულწლოვნის ბედი

 საადვოკატო ბიურო OK & CG- ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ხშირად ის სოციალური აგენტები, რომელთაც ოჯახური წყვილის განქორწინების შემთხვევაში, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ბავშვის ბედის განსაზღვრისთვის რეკომენდაციის გაცემის მოვალეობა აქვთ, საქმეს უპასუხისმგებლოდ და გულგრილად ეკიდებიან. კაჭკაჭიშვილის თქმით, მეურვეობის ორგანოს აგენტების მიერ გაცემული დასკვნები ყველა ოჯახის მიმართ აბსოლუტურად ერთნაირად ზედაპირული და არაფრისმთქმელია, ხშირ შემთხვევაში კი დასკვნები დაკოპირებულია.
„ქართულ სასამართლოში დავების 30- 40% საოჯახო დავებს უჭირავს. ეს დავები არასრულწლოვნის ბედს ეხება და მასში კანონის შესაბამისად, ერთვება მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო, რომელიც დავის გადაწყვეტისას, მთავარ მაკონსულტირებელს წარმოადგენს. დღეს ეს ორგანო აბსოლუტურად ქმედუუნაროა და მისი აგენტების მოქმედებები, ხშირ შემთხვევაში, აცდენილია იმ რეალობას და პრობლემების გადაწყვეტის გზებს, რაც მათ კანონით აქვთ განსაზღვრული. კანონით, მათი ფუნქციაა, რომ დეტალურად შეისწავლონ მდგომარეობა. ადგილზე მივიდნენ მშობლებთან და დადონ კონკრეტული დასკვნა, როგორ მიაჩნიათ მათ არასრულწლოვნის ბედის გადაწყვეტა იმ დროს, როდესაც მხარეთა შორის არსებობს კონფლიქტი და მეუღლეები ვერ ახერხებენ საერთო ენის გამონახვას. განქორწინებისას დავის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენს ბავშვის ბედი. ეს ინსტიტუტი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მან იმგვარი დასკვნები უნდა შესთავაზოს სასამართლოს, რომ კონფლიქტი არათუ გაღვივდეს, არამედ დარეგულირდეს და სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ამ პროცესების დროს კი უპირატესად, ბავშვის ინტერესები უნდა იყოს დაცული. რეალურად კი მათი მუშაობა ძალიან ფორმალურ ხასიათს ატარებს, ისინი ერთი და იგივე ტიპის დასკვნებით მოდიან და აცხადებენ, რომ მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ბავშვს როგორც ერთ, ისე მეორე მშობელთან ჰქონდეს ურთიერთობა. ყველა დასკვნა ერთნაირი და შაბლონურია. ისინი ან ვერ ითავისებენ თავიანთ როლს ან უბრალოდ, ძალიან ცოტა კადრი ჰყავთ. უფრო კი ეს უპასუხისმგებლო მიდგომის შედეგი მგონია. მეურვეობის ორგანო უფრო აქტიური უნდა იყოს. ისიც შეიძლება, რომ ხანდახან, სწორედ ბავშვთან ურთიერთობით შევძლოთ ოჯახების შენარჩუნება. ამ საქმეების 90 % -ში კი ამ ტიპის პრობლემებს ვაწყდებით. ასეთი არაფრისმთქმელი დასკვნების შემდეგ, მოსამართლეც იღებს ასეთივე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ​კაჭკაჭიშვილის თქმით, საინტერესო იქნებოდა, რომ ადგილზე ფოტო და ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ სოციალური მუშაკები, ინტერვიუს ჩაწერდნენ ორივე მშობელთან და ეს მასალები მოსამართლეს მიეწოდებოდა. ადვოკატის თქმით, ეს მოსამართლეს უფრო სწორ წარმოდგენას შეუქმნიდა იმაზე, თუ როგორ უყურებს მშობელი ამ პრობლემას და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები