ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისი უწყება მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა, კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კანონმდებლობის შეცვლა ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ვალდებულებაა. სერგეენკოს თქმით, ცვლილებები რამდენიმე ათეულ კომპონენტს მოიცავს. ”ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის იმას, რომ შეიძლება, აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში, ნიშნავს, რომ კომპანიას კლინიკის და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეს. თუმცა ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის დარგის წარმომადგენლებთან ექსპერტიზას, შემდეგ, ალბათ, პარლამენტში იქნება მსჯელობა. მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის იმპერატიული პირობა”, – განაცხადა სერგეენკომ.