კამპანია – “არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში, მარნეულში ღონისძიება ჩატარდა

მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, კამპანია “არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში, საგზაო  მოძრაობის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, ქალაქ მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს “ავტოსატრანსპორტო დანაშაულის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ“ პრეზენტაცია წარუდგინეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის კულტურის სახლის ეზოში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების მიერ თემაზე – „ჩემი თვალით დანახული საგზაო უსაფრთხოება“ შესრულებული ნახატების გამოფენა მოეწყო. ასევე, მოსწავლეებმა, მხატვრებთან ერთად, ე. წ. ზებრა გადასასვლელები მოხატეს. ღონისძიების მონაწილეებმა მოსახლეობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის მიერ ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. საქართველოს პროკურატურა კამპანიას – “არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები