ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, დეტალურად განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, შოუზე ორიენტირებული არ ვართ

 ​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს, არის რისკი იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ. მისივე განცხადებით, სხდომების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების პირობებში, საგნობრივი მსჯელობის შესაძლებლობა არ არის და პოლიტიკური ოპონენტები კონსტრუქციულ განხილვაზე მხოლოდ მას შემდეგ გადადიან, როცა სხდომა იხურება. „ჩვენ ამ განხილვების დროს, ვართ აბსოლუტურად გახსნილი. დღევანდელ სხდომაზე დასწრება შეეძლო ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს. სხდომა იყო აბსოლუტურად ღია. სხდომის ტრანსლირების დროს, არის რისკი იმის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა განხილვა შოუდ გადააქციონ. ჩვენი ამოცანაა, მუხლობრივად, ძალიან დეტალურად განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. შესაბამისად, ვართ ორიენტირებული არა შოუზე, არამედ განხილვაზე. სწორედ ამ ფორმატში, დღეს ძალიან კონსტრუქციული განხილვა შედგა. ცვლილებებთან დაკავშირებით, ძალიან დეტალური მსჯელობა გვქონდა და სრული კონსენსუსის საფუძველზე, ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო ცვლილებების ის რედაქცია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. მინდა, ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს განხილვები და სწორედ ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. ყველას შეუძლია ნებისმიერ სხდომაზე დასწრება. მთავარია, მოგვეცეს თითოეული მუხლის კონსტრუქციულად განხილვის შესაძლებლობა“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე განიხილეს, დეპუტატებს კონსტიტუციის პროექტი პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. სხდომის მიმდინარეობა პარლამენტის გადაწყვეტილებით, მეორე არხის პირდაპირი ეთერით არ გადაიცემოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები